„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.5 პუნქტის თანახმად საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლების საზღვრებს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი და მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.2 პუნქტისა და ამავე პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.2 „მოძრაობა მარჯვნივ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მანევრის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია ჩართოს შესაბამისი მიმართულების მოხვევის შუქ-მაჩვენებელი, ხოლო თუ ის არ არის ან გამოსულია მწყობრიდან − ანიშნოს ხელით.