სიახლეები

10 რჩევა, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე პირველად გასვლისას გამოგადგებათ

გამოქვეყნების თარიღი:18/09/2021

1. შეარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო

გირჩევთ, გამოცდაზე მანამ დარეგისტრირდეთ, სანამ გამოცდისთვის მეცადინეობას და ავტოსკოლაში სიარულს დაიწყებთ. როგორც წესი, რამდენიმე კვირით ადრე ივსება ადგილები გამოცდაზე და შესაძლოა, ძალიან გვიან მოგიწიოთ გასვლა; ნასწავლი პროგრამა კი ამასობაში დაგავიწყდეთ კიდეც.

თეორიის გამოცდაზე დარეგისტრირება შეგიძლიათ დისტანციურად - თიბისის, საქართველოს ან ლიბერთი ბანკის გადახდის აპარატებიდან ან ონლაინ/მობაილ ბანკების მეშვეობით.

 

 

2. დარწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად იცით და ისე გადით გამოცდაზე

სანამ გამოცდაზე გახვალთ, უმჯობესია თქვენს ცოდნაში დარწმუნებული იყოთ. სხვაგვარად, დიდია რისკი, რომ ჩაიჭრათ და ხელახლა მოგიწიოთ გასვლა. ასე კი თქვენს დროსა და ბიუჯეტს ტყუილად გაფლანგავთ.

 

3. გადაიმეორეთ ნასწავლი ბილეთები

გირჩევთ, გამოცდაზე გასვლის წინა დღით გადახედოთ ნასწავლ მასალას, ეს კიდევ უფრო გაგიმყარებთ ცოდნას და შეგმატებთ თავდაჯერებას. გადახედეთ კონსპექტებს, რომელიც მასწავლებელმა მოგცათ ან თქვენ გააკეთეთ სწავლის პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე მეტად გერთულებათ. ამგვარად უფრო კონცენტრირდებით ე.წ. რთულ საკითხზე და ნაკლები შანსია, რომ გამოცდაზე შეცდომა დაუშვათ.

ბილეთების გადასამეორებლად ან იმიტირებული გამოცდის გასავლელად ეწვიეთ ჩვენს საიტს: artdrive.ge

 

4. არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი საბუთები

გამოცდაზე უნდა წარადგინოთ პირადობის მოწმობა და ფორმა 100 (ე.წ. ფსიქო). ასევე, თუ არასრულწლოვანი ხართ, დაგჭირდებათ მშობელი ან მისი წერილობითი თანხმობა, რომელიც ნოტარიულად იქნება დამოწმებული და ავტოსკოლის საბუთი.

ავტოსკოლის საბუთი ასევე დაგჭირდებათ სრულწლოვნებსაც რიგ კატეგორიებზე: C,D,E,T,S.

 

5. გამოცდაზე მიდით დანიშნულ დროზე ადრე

გამოცდაზე, გირჩევთ, ნახევარი საათით ადრე მაინც მიხვიდეთ. ეს დრო საშუალებას მოგცემთ, შეეგუოთ უცხო გარემოს და დაგვიჯერეთ, ნერვიულობა ერთი ორად შეგიმცირდებათ.

 

6. ნუ ინერვიულებთ გამოცდაზე | აკონტროლეთ დრო

გამოცდის ჩასაბარებლად ყველაზე ხშირად ხელისშემშლელი ფაქტორია ნერვიულობა. ნუ მისცემთ გარემოს თქვენზე ნეგატიური გავლენის ქონის უფლებას. გამომცდელები არ არიან განწყობილები მოსწავლეების ჩასაჭრელად, ისინი უბრალოდ თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. გირჩევთ, მთელი ყურადღება საგამოცდო საკითხებისკენ მიაპყროთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აკონტროლეთ დრო!

 

7. ნუ იჩქარებთ პრაქტიკაზე გასვლას

თეორიის ჩაბარების შემდეგ ნუ იჩქარებთ პრაქტიკაზე გასვლას. არა, არ გეუბნებით, რომ პრაქტიკაზე იმ დღესვე არ გახვიდეთ და თქვენი 5 ცდიდან ერთი ჩააგდოთ. არამედ, გირჩევთ, რომ აიღოთ მცირე შუალედი გამოცდიდან გამოცდამდე. თეორიის ჩაბარებიდან გამოსული დიდი შანსია, რომ ემოციებში იყოთ, რის გამოც პრაქტიკაზე კონცენტრირება ვერ შეძლოთ. გირჩევთ, გაისეირნოთ, წაიხემსოთ, გონება გაითავისუფლოთ და ისე გახვიდეთ პრაქტიკულ გამოცდაზე.

 

8. გამომცდელი თქვენი მეგობარია

როგორც უკვე გითხარით, გამომცდელები თქვენ მიმართ არ არიან მტრულად განწყობილები, პირიქით. ისინი მხოლოდ საკუთარ მოვალეობას ასრულებენ. ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც არაერთხელ გაგიკეთებიათ სასწავლო მოედანზე - უშეცდომოდ გაიარეთ ყველა ელემენტი. თუკი გამომცდელი ხელს გიშლით, საარკეებს ეფარება და სხვა, თქვენ გაქვთ უფლება სთხოვოთ, რომ გაიწიოს.

 

9. ზოგი შეცდომა გეპატიებათ

შეგახსენებთ, რომ თეორიის გამოცდაზე 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ. პრაქტიკაზეც გაქვთ შეცდომების დაშვების, და გამოსწორების უფლება.

 

10. ნუ შეუშინდებით მარცხს - სცადეთ გამარჯვებამდე

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ყველა ზემოთჩამოთვლილი რჩევა გაითვალისწინეთ და მაინც ვერ შეძელით წარმატებით ჩაბარება, არაფერია. ამით არაფერი სრულდება. რა თქმა უნდა, გაქვთ უფლება სცადოთ იქამდე, სანამ მართვის მოწმობას არ აიღებთ.

გამოცდების ფასებისა და უფასო ცდების რაოდენობების შესახებ სხვა სტატიაში მოგიყვებით.

 

**აქვე გეტყვით, რომ არტ დრაივში ჩვენს მოსწავლეებს თეორიის ჩაბარების 100%-იან გარანტიას ვაძლევთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოსწავლე ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას, ჩვენ მას სრულიად უფასოდ გადავამზადებთ.