„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: ბ) იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, გზის სავალ ნაწილზე: ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.