„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.
დღის ნათელ დროს, შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ადამიანის თვალი განსაზღვრავს სივრცეში არსებულ სხვა ორიენტირებთან შედარებით (საგზაო ნიშნები, მონიშვნა, გზისპირზე გამწვანება და სხვა), ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა.