„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ მუხლით განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: გ) „სახიფათო ტვირთი“ – 400X300 მმ ზომის, სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით − ასეთი ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, ხოლო ცისტერნის შემთხვევაში − გვერდებზედაც (ფირფიტის ქვედა ნაწილში უნდა აღინიშნოს ტვირთის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნომერი, ხოლო ზედა ნაწილში − საშიშროების საიდენტიფიკაციო ნომერი. ისინი უნდა გაიყოს 15 მმ სისქის შავი ჰორიზონტალური ხაზით, რომელიც ფირფიტას ნახევარ სიმაღლეზე გადაკვეთს).
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ზ) „სმენადაქვეითებული მძღოლი“ – 160 მმ დიამეტრი¬ს ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული 40 მმ დიამეტრის სამი შავი წრით, რომლებიც განლაგებულია წარმოსახვითი წვერით ქვევით მიმართული ტოლგვერდა სამკუთხედის კუთხეებში − მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სმენადაქვეითებული მძღოლი.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ი) „სიჩქარის შეზღუდვა“ – 3.24 საგზაო ნიშნის შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე (ნიშნის დიამეტრი არანაკლებ 160 მმ-ია, არშიის სიგანე – დიამეტრის 1/10) – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების ან სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების ძარას უკანა მხარეს, მარცხნივ, რომელსაც მართავს მძღოლად მუშაობის 2 წლამდე სტაჟის მქონე მძღოლი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მახასიათებლით სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე ამ კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლებია.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლის სურვილისამებრ სატრანსპორტო საშუალებაზე შეიძლება დამაგრდეს შემდეგი საცნობი ნიშნები: ბ) „ექიმი“ − ლურჯი კვადრატი 140-მმ-იანი გვერდით, შიგ ჩახაზული 125 მმ დიამეტრის თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი (სიმაღლე − 90 მმ, შტრიხის სიგანე − 25 მმ) − შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.1 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 7.1 „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ - იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად: 4. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. 5. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.